Monday, May 23, 2011

გეოგრაფია და ბუნება

ნიუ-იორკ სიტი ბოსვაშ მეგაპოლისის (BosWash) ცენტრში მდებარეობს, 350 კმ-ში ბოსტონიდან და 353 კმ-ში ვაშინგტონიდან. ქალაქის საერთო ფართობია 1.212.4 კმ², რომლის 35,31% წყალზეა. ქალაქი სამ მთავარ კუნძულზეა განლაგებული — მანჰეტენი, სტეიტენ-აილენდი და დასავლეთ ლონგ-აილენდი. ბრონქსი ერთადერთი რაიონია, რომელიც კონტინენტალურ ამერიკაში მდებარეობს.

ნიუ-იორკის სავაჭრო მნიშვნელობა განპირობებულია მისი საუკეთესო ბუნებრივ ყურეზე მდებარეობით, რომელსაც ზემო ნიუ-იორკის უბე ქმნის გარშემორტყმული მანჰეტენით, ბრუკლინით, სტეიტენ-აილენდითა და ნიუ-ჯერსის სანაპიროთი. ატლანტის ოკეანისგან დაცულია ბრუკლინისა და სტეიტენ-აილენდის სარტყლით ქვემო ნიუ-იორკის უბეში. მდ. ჰუდზონი მოედინება ჰუდზონის ხეობიდან ნიუ-იორკის უბეში, ჰყოფს რა ბრონქსსა და მანჰეტენს ნიუ-ჯერსისგან. ისტ-რივერი, ფაქტობრივად დინების წარმოქმნილი სრუტე, ლონგ-აილენდიდან ნიუ-იორკის უბემდე იჭიმება და ბრონქსსა და მანჰეტენს ლონგ-აილენდისგან ჰყოფს. ჰარლემის მდინარე, კიდევ ერთი დინების სრუტე მდინარეებს ისტსა და ჰუდსონს შორის, მანჰეტენს ბრონქსისგან ჰყოფს.ქალაქის გეოგრაფიამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა ადამიანის ჩარევით ჰოლანდიელთა კოლონიური დროებიდან მოყოლებული სანაპირო ზოლზე წყლისგან მიწის წართმევით. ეს პროცესი ყველაზე თვალსაჩინოა ქვემო მანჰეტენზე ბატერი-პარკ სიტიში თანამედროვე განვითარებით. ბუნებრივი ტოპოგრაფიული უსწორმასწორობა თითქმის სრულიად აღმოიფხვრა, განსაკუთრებით მანჰეტენზე. რაც ფაქტობრივად სიტყვა „მანჰეტენის“ (ბორცვიანი კუნძული) თავდაპირველ მნიშვნელობას ეწინააღმდეგება.




იტალიის ტოსკანისა და ფრანგული რივიერას გრძედზე უფრო სამხრეთით მდებარეობის მიუხედავად ნიუ-იორკი ნესტიანი კონტინენტური კლიმატით გამოირჩევა, რომელზეც ჩრდილო-ამერიკის კონტინენტური ცივი ქარები ახდენს ზეგავლენას. ნიუ-იორქის ზამთრები ტიპიურად ცივია, თუმცა შედარებით ზომიერი იმავე გრძედზე მდებარე სხვა კონტინენტურ ამერიკულ ქალაქებთან შედარებით. −20 °C-ზე ნაკლები ტემპერატურა იშვიათია, ძირითადად შუაგულ ზამთარში ღამის ტემპერატურა −10 °C-ს ქვევით არ ეცემა. თოვლის საერთო რაოდენობა ზამთრის განმავლობაში 60 სმ-ას არ აღემატება, თუმცა ბოლო ოთხი ზამთრის (2003-06) განმავლობაში შედარებით მაღალი თოვლიანობა დაიჭირა (>100 სმ) ყოველ სეზონზე. ზამთარში წვიმა უფრო ხშირია ვინემ თოვლი ატლანტის ოკეანის თბილი ჰავის ზეგავლენით.
გაზაფხული ნიუ-იორკში ზომიერი, ხშირად საკმაოდ ცხელი, იცის, ტემპერატურა მერყეობს 10-15 °C-ში. ზაფხული ცხელი და ტენიანია, ტემპერატურა ხშირად 32 °C-ს აღემატება. შემოდგომა ზომიერი და სასიამოვნო იცის ხშირი მზიანი ამინდებით და 15-20 °C ტემპერატურით.


გარემოს დაცვის პრობლემები ქალაქში ძირითადად მისი მოსახლეობის უკიდურეს სიმჭიდროვესთან არის დაკავშირებული. მასტრანზიტის გამოყენების დონე ყველაზე მაღალია ქვეყნის მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო ბენზინის მოხმარების დონე კი 1920-იან წლებში ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს უტოლდება.ნიუ-იორკ სიტის მჭიდრო მოსახლეობა და ავტომობილზე დამოკიდებულების დაბალი დონე ქალაქს ყველაზე ენერგოეფექტურს ხდის აშშ-ში.ქალაქის სათბურის აირების გამოყოფის დონე შედარებით დაბალია ერთ სულ მოსახლეზე გათვლით, 7,1 მეტრული ტონა ერთ სულზე, რაც სან-ფრანცისკოს მაჩვენებელზე დაბალია (11,2 მტ), და გაცილებით ჩამორჩება ქვეყნის მაჩვენებელს (24,5). ნიუ-იორკელები ქვეყნის მოსახლეობის 2,7%-ს შეადგენენ, თუმცა მათზე ქვეყნის სათბურის აირების მხოლოდ 1% მოდის. საშუალო ნიუ-იორკელი სან-ფრანცისკოელზე ორჯერ და დალასელზე ოთხჯერ ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს .

დიდი რაოდენობით კონცენტრირებული დაბინძურება ქალაქში ასთმისა და სხვა რესპირატორული დაავადებების მაღალი შემთხვევიანობის გამომწვევია მოსახლეობაში. ბოლო წლებში ქალაქის მთავრობამ გარემოს გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანი ზომები მიიღო. შესაბამისად, ის ქალაქის მთავრობის ოფისებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მხოლოდ ენერგოეფექტურ მოწყობილობას იძენს.ნიუ-იორკს ქვეყნის მასშტაბით უდიდესი სუფთა ჰაერის დიზელ-ჰიბრიდი და კომპრესული ბუნებრივი აირის ავტობუსების პარკი ჰყავს და პირველი ჰიბრიდული საწვავის ტაქსები. ქალაქი ასევე ლიდერობს ენერგოეფექტური მწვანე შენობების მშენებლობის რაოდენობით, რომელთა შორის ერთ-ერთი უკანასკნელი ნიმუშია ჰერსტის ტაუერი.ქალაქს სასმელი წყალი ბუნებრივი წყალსაცავიდან მოეწოდება კატსკილის მთებიდან. წყალსაცავის ბუნებრივი ეკოსისტემის დაცვისა და წყლის უწყვეტი ფილტრაციის პროცესის შედეგად ნიუ-იორკი ერთ-ერთია აშშ-ის ხუთი დიდი ქალაქიდან, რომელსაც სასმელი წყალი გამწმენდი ქარხნების გარეშე სუფთად მოეწოდება.


No comments:

Post a Comment